უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა

26.02.2018 .თბილისი - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში  უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკატერინე მაჭავარიანმა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კამპანიის აღნიშნული ფაზა მიმართულია იმ კონკრეტულ გამოწვევებზე, რომელთაც თავი იჩინეს უვიზო რეჟიმის გამოყენების პროცესში.

„მთავრობას დაწყებული აქვს რამდენიმე მიმართულებით მუშაობა. ეს არის საინფორმაციო კამპანია, საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტორს, რომ ერთის მხრივ  გარკვეულწილად გავამკაცროთ პროცედურები, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა შევზღუდოთ მოსახლეობისთვის შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ უვიზო რეჟიმით შენგენის ზონაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, ევროპულ ქვეყნებთან, იმაზე თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით მოიძებნოს გზები, რათა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი  საფრთხის წინაშე არ დადგეს“ - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. 

პრეზენტაციაზე განხილულ იქნა  საინფორმაციო კამპანიის ძირითადი ასპექტები და უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობა. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ზრდის ტენდენციის პრევენციისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკას.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს უვიზო მიმოსვლის წესები, მოახდინოს მათი შემდგომი დარღვევისა და ასევე ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში ჩართულმა პირებმა, ექსპერტებმა, სასულიერო პირებმა, კულტურის მოღვაწეებმა და  მედიის წარმომადგენლებმა.