უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებსა და დედაქალაქში გრძელდება. 

26-30 მარტს, კამპანიის ფარგლებში 12 შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები თიანეთს, მცხეთას, წეროვანს, დუშეთს, ახალციხეს, ბორჯომს, გორს, ნიქოზს, მეჯვრისხევს, რუისსა და ხაშურს ეწვივნენ. შეხვედრებს 570-მდე ადამიანი დაესწრო. 

შეხვედრები გაგრძელდა, ასევე, თბილისის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტებთან, შავი ზღვის საერთაშორისო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებში, ხოლო მოსწავლეებსა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა. შეხვედრებს 100-მდე ადამიანი დაესწრო. 

კამპანიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზოდ მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება როგორც წესების დარღვევას, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რასაც სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციისთვის გეგმავს.

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.