ვახტანგ მახარობლიშვილი ჩეხ კოლეგას შეხვდა

15.02.2017, თბილისი - 2017 წლის 15 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა თბილისში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის უმცროს მოადგილესთან რადეკ პეხთან.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატში მიმდინარე ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პრაქტიკის გაგრძელების მნიშვნელობაზე. მხარეები მიესალმნენ ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის პრაღაში ჩატარების გადაწყვეტილებას.


ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა განვითარების დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა  და ორმხრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობა. ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე, ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიმართულებით საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე და  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებით ქართული მხარის მოლოდინებზე. რადეკ პეხმა ქართველ კოლეგას მიულოცა ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე პოზიციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის.


ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და  რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების შედეგები. ასევე ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე   ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი  რეფერენდუმის არალეგიტიმურობაზე.  მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის და პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას.  თავის მხრივ, ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

  

თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31   1 2    3    4 5
6    7  8   9   10    1112
13    14     15   16 17    18 19
20     21        22 23    24    25   26  
27  2812345
6789101112