ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ძალიან წარმატებულად შეფასდა

22.05.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის 21 მაისს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის  დოროტა დლოუხი სულიგასა და სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით იმ სტანდარტების დაფუძნება და გამყარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად დააახლოებს.

„არაერთ საერთაშორისო ანგარიშში ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული ის განხორციელებული რეფორმები , რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით საქართველო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან. ევროინტეგრაციის პროცესში ადამიანის უფლებები ჩვენთვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ის განუყოფელი ნაწილია ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის, რომელიც შემუშავებულ იქნა 2017-2020 წლებისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხრიდან ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები იქნა ძალიან წარმატებულად შეფასებული და საქართველო შერჩეულ იქნა იმ ქვეყანათა შორის რომელთაც თავიანთი გატარებული რეფორმები და ცოდნა უნდა გაუზიაროს სხვა პარტნიორებს. ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობას , როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ყველა სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მინდა ხაზი გავუსვა იმ აღიარებას, რომელიც დაფიქსირებულია ევროკავშირის მხრიდან. საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს თავის პარტნიორებს. ამ წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით“-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

სტავროს ლამბრინიდისმა 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, წარმოადგინა ინიციატივა „Good Human Rights Stories” (GHRS), რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ 15 წარმატებული ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველო იქნა დასახელებული.