ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში რუმინეთის პრიორიტეტების გასაცნობად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

2019 წლის 18 იანვარს, ქ. თბილისში გაიმართა ევროკავშირის საბჭოს მიმდინარე თავმჯდომარე ქვეყნის რუმინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ოფიციალური მიღება, რომელზეც ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავმჯდომარეობის პერიოდში, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე,  ქვეყნის მთავარი სამოქმედო პრიორიტეტები.
 
მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელმაც მიულოცა და წარმატება უსურვა რუმინეთის თავმჯდომარეობას ძალზედ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.
 
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილე მიესალმა იმ ფაქტს, რომ  რუმინეთის თავმჯდომარეობის პროგრამაში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია და ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზეა გაკეთებული. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ძალისხმევისთვის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებისა და გაღრმავების კუთხით, მათ შორის თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი მრავალრიცხოვანი ღონისძიებებისთვის. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ რუმინეთის თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას.
 
ამასთანავე, ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმოიხილა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ხაზი გაუსვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.