ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

13.11.2017 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკენზი სმიტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა  განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის  24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ პროცესს და ამ კონტექსტში ქართული მხარის პრიორიტეტებს. აღინიშნა, რომ საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უკანასკნელი სამიტის შემდგომ მნიშვნელოვან  წარმატებებს მიაღწია და ბრიუსელის სამიტზე კარგი შედეგებით წარდგება. შესაბამისად, ქართული მხარის მოლოდინია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი მომავალი სამიტის ფარგლებში პოზიტიურად შეფასდება.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც ცალსახად პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
ელჩმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ურყევად გაგრძელდება, როგორც ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.