ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს მარჩელო ჩელესტინის და დიდ ჰოსპიტალიერს დომენიკ დე ლა როს-მონბელს შეხვდა

2018 წლის 30 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩი მარჩელო ჩელესტინი  და დიდი ჰოსპიტალიერი დომენიკ დე ლა როს-მონბელი მიიღო.

მინისტრის მოადგილემ, პირველ ყოვლისა, მადლიერება გამოხატა თბილისში, მ/წლის 29 მაისს, სოციალური ცენტრის გახსნისთვის, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის მალტის ორდენის მიერ სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, ასევე, ზოგადად იმ საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელიც წარმატებით ხორციელდება სოციალურად დაუცველი, ლტოლვილი, ინვალიდი და ლოგინად ჩავარდნილი მოქალაქეების დასახმარებლად. 

საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკასა და თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობას. ვ. მახარობლიშვილმა გამოთქვა მალტის ორდენთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ არსებულ თანამშრომლობას ახალ იმპულსს შესძენს „საქართველოს მთავრობასა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა.