ვახტანგ მახარობლიშვილი სარა კროფტს შეხვდა

11.10.2017 თბილისი - დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროს, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარი მომლაპარაკებელი სარა კროფტი თბილისში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს შეხვდა. 

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე, წარმოიშვა საჭიროება ევროკავშირის მიერ გაფორმებული შეთანხმებები გადატანილი იქნას ორმხრივ ფორმატში; მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება სათანადოდ უნდა იქნას ადაპტირებული ორმხრივ შეთანხმებად.
 
შეხვედრაზე საუბარი იყო იმ მეთოდებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის ორივე ქვეყნისთვის უმტკივნეულოდ წარმართვას. მხარეებმა გამოხატეს სურვილი, რომ შენარჩუნდეს  და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორმხრივი თანამშრომლობა.

ამ ტიპის კონსულტაციების გამართვას გაერთიანებული სამეფო რეგიონის სხვა სახელმწიფოებშიც აპირებს.