ვახტანგ მახარობლიშვილი შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცე-სპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა

12.04.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) მესამე ვიცე-სპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა.

შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ასევე, ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კერძოდ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
 
იზაბელ დინგიზიანმა ხაზგასმით აღნიშნა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმები. აღნიშნა, რომ შვედეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე შესაბამისი რეფორმების გატარებას.
 
ვახტანგ მახარობლიშვილი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულეს ვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას ემსხვერპლა. ამასთან, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ხაზი გაუსვა ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
 
მესამე ვიცე-სპიკერმა, თავის მხრივ, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და კიდევ ერთხელ გამოხატა შვედეთის სამეფოს  ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.