ვახტანგ მახარობლიშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

29.03.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ანდერს ვონ ბეკერატს შეხვდა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კერძოდ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

ანდერს ვონ ბეკერატმა აღნიშნა, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ძალისხმევის შედეგია.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და ასევე, სექტორული თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.  

ვახტანგ მახარობლიშვილი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულეს ვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას ემსხვერპლა. ამასთან, მან ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ხაზი გაუსვა ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

შვედმა დიპლომატმა, თავის მხრივ, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და კიდევ ერთხელ გამოხატა შვედეთის სამეფოს  ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მინისტრის მოადგილემ, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ 2018 წელს აღინიშნება შვედეთის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური მისიის დაარსების 100 წლის იუბილე და რომ ამ კონტექსტში იგეგმება შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ სხვადასხვა ღონისძიების გამართვა.