ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა ეუთო-ს მუდმივ წარმომადგენლებთან

19.06.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო- მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

 შეხვედრისას ქართულმა მხარემ მუდმივ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა ევროპული უსაფრთხოების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათზე რეაგირების კუთხით, ეუთო-ს, როგორც უსაფრთხოების ყველაზე დიდი რეგიონული ორგანიზაციის მნიშვნელობაზე.

ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობასა და აღნიშნული კონფლიქტის ეუთო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე.  ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ.

შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე. აღინიშნა, რომ არსებული რთული ვითარების პირობებში, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს საოკუპაციო ძალა არ აძლევს ადგილზე მონიტორინგის განხორციელების საშუალებას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ამ პროცესში ეუთო-ს დამოუკიდებელ  ინსტიტუტებთან წარმატებულ თანამშრომლობას.