ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა

2017 წლის 6-7 მარტს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის სამუშაო ვიზიტი ქ. ბრიუსელში, სადაც მან შეხვედრები გამართა ევროკავშირის ინსტიტუტების ოფიციალურ პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრობლობის საკითხთა ფართო სპექტრი. ორივე მხარემ დადებითად შეაფასა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. ევროკავშირის მხარემ აღნიშნა საქართველოს წარმატებული ძალისხმევა საშინაო რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში, რაც წარმოაჩენს ქვეყნის ლიდერობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონტექსტში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან უახლოეს კვირებში ისინი შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას შენგენის სივრცეში. აღინიშნა, რომ ეს კონკრეტული მიღწევა სტიმულს მისცემს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებას სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით. ამ თვალსაზრისით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის შესაძლებლობაზე უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით.

შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის ჩართულობაზე ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის აქტიური მუშაობა, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების თვალსაზრისით. ორივე მხრიდან აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის შენარჩუნებისა და დიალოგის კონსტრუქციულ ფორმატში წარმართვის აუცილებლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევების თვალსაზრისით. ევროკავშირმა თავის მხრივ, შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამატებით ორი გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აპრილში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია.

შეხვედრებისას მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე. აღინიშნა სამიტის წარმატების მნიშვნელობა და ამ თვალსაზრისით კონკრეტული ინიციატივების განსაზღვრის აუცილებლობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს საქართველოს მოლოდინებზე სამიტთან მიმართებაში.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვედრები გამართა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, პოლიტიკურ დირექტორთან ჟან კრისტოფ ბელიართან და გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისის მართვის საკითხებში პედრო სერანოსთან, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელთან უოლტერ სტივენსთან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰართინგთან, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილესთან მაჩეი პოპოვსკისთან; სამუშაო შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წევრთან კარლ ჰარცელთან, ევროკომისარი იოჰანეს ჰანის კაბინეტის წევრთან ჰანა იანსთან, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორთან ლოურენს მერედიტსა და ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელთან ლორან მუშელთან.