ვახტანგ მახარობლიშვილმა ესპანეთის სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

17.05.2018 ქ.თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ვახტანგ მახარობლიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩთან (რეზიდენციით ანკარა) რაფაელ მენდივილთან.  

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული საკითხები და მათი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.
 
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგას და ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, ესპანეთთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა.
 
ელჩმა აღნიშნა, რომ ესპანეთი რჩება საქართველოს სანდო პარტნიორად და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
 
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა რაფაელ მენდივილს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.