ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

16.04.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (TWINNING) ფარგლებში, პროექტის -„სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ - დახურვის ღონისძიებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  სიტყვით მიმართა  ღონისძიების მონაწილეებს. საკუთარ გამოსვლაში ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულობას, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას.
ვახტანგ მახარობლიშვილი მიესალმა TWINNING-ის პროექტის წარმატებით დასრულებას და დადებითად შეაფასა გასული 18 თვის მანძილზე პროექტში ჩართული მხარეების მიერ გაწეული ძალისხმევა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა იანის ბორდანსმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა პასკალ მენიემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა.

პროექტი - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ლატვიის სასამართლოს ადმინისტრაციისა და სამოსამართლო სწავლების ცენტრის, საფრანგეთის მოსამართლეთა ეროვნული სკოლისა და ხორვატიის მოსამართლეთა აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდა. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირმა გამოყო 800 000 ევრო.