ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

5.09.2019 სლოვენია -  საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პირველმა მოადგილემ,  ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეზინფორმაციული კამპანიების გავლენასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიისას ევროკომისიიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან მიწვეულმა მთავრობის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
 
“დეზინფორმაციის ფენომენი ახალი არაა. სიახლე ტექნოლოგიებია, რამაც ამ დეზინფორმაციის გავრცელების სისწრაფე და არეალი მნიშვნელოვანი შეცვალა.
საქართველოში დეზინფორმაციის ძირითადი წყარო რუსეთიდან იღებს სათავეს. ამ კამპანიების ძირითადი სამიზნე საქართველოს დმოკრატიული ინსტიტუტები, ჩვენი ევროპული არჩევანი და განვითარებაა” - განაცხადა საგარეო საქმეთა პირველმა მოადგილემ.
 
ვ. მახარობლიშვილმა დისკუსიაში მონაწილე ექსპერტებთან ერთად ასევე ისაუბრა იმ გზებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს მთავრობებს, მედია ორგანიზაციებს და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, დროულად გამოავლინონ ასეთი დეზინფორმაცია და არ მისცენ ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ევროპის ქვეყნების მოქალაქეთათვის მთავარი და საერთო ღირებულებების შერყევის საშუალება. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ევროკავშირის, ნატო-სა და მათ წევრ-ქვეყნებს შორის დეზინფორმაციასთან
გამკლავების კუთხით თანამშრომლობის ეფექტური გზების მოძებნას.
 
ფორუმის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილი ესაუბრა ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე საკითხებს.
ბლედის სტრატეგიული ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასზე მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.