ვარშავაში წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-16 საერთაშორისო ქართველოლოგთა კონფერენცია გაიხსნა

10.12.2018 პოლონეთი- ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრის ორგანიზებით, წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-16 საერთაშორისო ქართველოლოგთა კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობების 100 წლისთავს და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს ელჩმა გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივ ცხოვრებაზე ისაუბრა. მან მოწვეულ  სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია  გრიგოლ ფერაძის აკადემიური ცხროვრების შესახებ და მათ ქართველი თეოლოგის  მრავალმხრივი სამეცნიერო შრომები გააცნო.
 
ღონისძიების ფარგლებში, ვარშავის დროით 16:45 წუთზე (გრ. ფერაძის გარდაცვალების დრო) გვირგვინებით იქნა შემკობილი ვარშავის უნივერსიტეტის ეზოში მემორიალური დაფა.

კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლონეთის არმიაში მოღვაწე ქართველი საკონტრაქტო ოფიცრებისადმი მიძღვნილი გამოფენა, ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრის, პოლონეთის სეიმის, ეროვნული მეხსიერების პოლონური ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე, პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრები, ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები, მეცნიერები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.