ვარშავაში პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

5.02.2019 პოლონეთი- პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია IBC Corporation Solution-ის ორგანიზებით, ვარშავაში  რიგით მეორე პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც  ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია  წარმოადგინეს. 

ფორუმის პირველ პანელში მონაწილეობა მიიღო პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ილია დარჩიაშვილმა, პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ანდჟეი არენდარსკიმ, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს პრეზიდენტმა ქშიშტოფ სენგერმა და პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სტანისლავ რაჟნევსკიმ. ფორუმზე საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე.
 
პოლონურ-ქართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ქართულმა და პოლონურმა კომპანიამ.
 
ღონისძიებას, რომელიც ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მხარდაჭერით გაიმართა, დაესწრო 150-მდე სტუმარი, მათ შორის, პოლონეთის მთავრობის, ბიზნეს წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.