ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2019 წლის 29 მაისს ქ. ვაშინგტონში ჩატარდება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის (EWG) სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. აშშ-ს მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე პიტერ ჰაასი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და აშშ-ის მილენიუმის კორპორაციის კონსორციუმის ვიცე პრეზიდენტი ჯონათან ბრუკსი.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და პროფესიული განათლების სფეროებში. შეხვედრის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ თითოეული მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.  მათ შორის საუბარი შეეხება საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მხარდაჭერას, აგრეთვე  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.