ვაშინგტონში რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

8.08.2018 აშშ-  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,   ქ. ვაშინგტონში 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა ისაუბრა 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ომის შედეგებზე, ასევე რუსული ოკუპაციის ფონზე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარი როისმა, რომელმაც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.

სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ბროკ ბირმანმა  საქართველოში მიმდინარე პროექტებზე და აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული პროგრესი და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ღია მმართველობის სამიტის (OGP Summit) ორგანიზებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის მთავრობის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი ფიონა ჰილი და სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ უოკერი.

საელჩოში მოსახსენიებელ საღამოზე ასევე  მოეწყო აგვისტოს ომის მოვლენების ამსახველი ფოტო-ვიდეო გამოფენა.