ვენაში ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს

2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანი გაბრიჭიძემ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ, რომელიც 10-11 დეკემბერს ჩატარდა.  მან აღნიშნა, რომ რაუნდზე ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებზე, ასევე, ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო გატაცებასა და დაკავებაზე და აღნიშნა, რომ ჟენევის გასულ რაუნდზე საქართველოს, ეუთო-ს, ევროკავშირის, გაერო-სა და აშშ-ს წარმომადგენლებმა ერთხმად დააყენეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.

ქართულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა უკანონო დაკავება მკაცრად დაგმეს როგორც წარმომადგენლებმა საქართველოდან და აშშ-დან, ისე მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა.

ქართულმა მხარემ ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, ე.წ. გადასასვლელების დახურვასა და მოსახლეობის გატაცების ფაქტებზე.
არსებული გამოწვევების ფონზე, აღინიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების მნიშვნელობა და გალისა და ერგნეთის რეგულარული შეხვედრების აღდგენის აუცილებლობა, ფუძემდებლურ პრინციპებსა და წესებზე დაყრდნობით.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დელეგატებს ასევე აცნობა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული მოსახლეობის დაბრუნების საკითხის განხილვისას, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებები.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის და აშშ-ს დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ცალსახად დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის მიუღებლობას და აღნიშნეს, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ექიმი გაფრინდაშვილი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

დელეგაციებმა ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და IPRM-ის ფორმატის მიმართ. გამომსვლელებმა გამოთქვეს შეშფოთება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ხელოვნური ბარიერების აღმართვის, უკანონო დაკავებებისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გზით. მათ ასევე ისაუბრეს ა. ტატუნაშვილის, დ. ბაშარულისა, გ. ოთხოზორიასა და ი. კვარაცხელიას საქმეებზე და განაცხადეს, რომ მსგავს საქმეებზე დაუსჯელობა აღვივებს კონფრონტაციასა და უნდობლობას.

ევროკავშირისა და აშშ-ს დელეგაციებმა გამოხატეს მწუხარება მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლების მიერ იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების დატოვებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა მონაწილეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ვალდებულებებს.

დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და აგრეთვე, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.