ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


10.04.2019 ავსტრია-ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის როლზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და, როგორც უშუალო თვითმხილველმა, გაიხსენა 9 აპრილს განვითარებული მოვლენები.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, მარიამ თაყნიაშვილმა, თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა უშუალოდ ტრაგედიის მონაწილე პირებზე და აუდიტორიას წარუდგინა გიორგი ცაგარელის ფოტოები.

ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლიკა კევლიშვილმა ისაუბრა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებაზე და 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ დასავლური პრესის გამოხმაურებაზე.

ღონისძებას მოდერაციას უწევდა ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიკა ბექაური.

9 აპრილისადმი მიძღვნილი მემორიალური საღამო ორგანიზებული იყო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის მიერ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების ავსტრიელი და ქართველი სტუდენტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.