ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მოლოდინი არის, რომ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე იქნება შესაბამისად დაფიქსირებული

14.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყველა იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომელიც უნდა გადაიდგას ყველა უწყების მხრიდან, რათა ბრიუსელში ნატოს სამიტზე ის შედეგი დაფიქსირდეს, რასაც საქართველო ელის.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ყველა უწყების მხრიდან იმისათვის, რომ ჩვენ სამიტზე მივიღოთ ის შედეგი რასაც ველით. ჩვენი მოლოდინი არის, რომ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის, წევრობის გზაზე , იქნება შესაბამისად დაფიქსირებული. ნატოს სამიტზე საქართველო იქნება წარმოდგენილი შესაბამის ფორმატებში და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა იმ ინსტრუმენტს  რომელიც საქართველოს დღეს აქვს, იყენებს ეფექტურად,  ვიყენებთ ეფექტურად და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ ეს აისახება სამიტის გადაწყვეტილებებზე“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ .

როგორც ცნობილია, დღეს პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭო დღევანდელ სხდომაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა.