ვიქტორ დოლიძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპული ბიუროს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

7.11.2019 შვეიცარია - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპული ბიუროს დირექტორის მოადგილესთან, ანჯელა ლი როსისთან.
 

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებული პროვოკაციული ნაბიჯების განხილვა. ვიქტორ დოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები იწვევს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ისედაც მძიმე მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებას და მიზნად ისახავს საქართველოზე ზეწოლას და ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დიანა ლი როსის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ა.წ. 28 ოქტომბერს ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი გარდაცვალების თაობაზე და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ოჯახის წევრებს არ მისცეს საშუალება ავადმყოფი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მარტიაშვილის სიკვდილი არის მოსკოვის უკანონო ქმედებების მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.
UNHCR-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ბოლო დროის უკანონო მოვლენებს, როგორიცაა გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლება, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების გადმოსვლა საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას. ვიქტორ დოლიძემ შეშფოთებით აღნიშნა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო სამხედრო ფორმირებების მიერ საქართველოს მთავრობისკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავების ფაქტი.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დააყენა საკითხი აღნიშნულთან დაკავშირებით, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხრიდან შესაბამისი რეაგირების თაობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, ვიქტორ დოლიძემ ანგელა ლი როსის ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის კონტაქტების, მიმოსვლის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
მან განაცხადა, რომ აღნიშნული სამშვიდობო ინიციატივა ითვალისწინებს ფინანსური მექანიზმების შექმნას გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით და აღნიშნა,რომ ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმია სპეციალური დამოუკიდებელი ფონდი - „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, UNHCR-ის წარმომადგენელს მიმართა თხოვნით, აღნიშნული ფონდისთვის გრანტების გაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაწევასთან დაკავშირებით.
ვიქტორ დოლიძემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალ წელს უმასპინძლოს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს საქართველოში.
შეხვედრის ფარგლებში, ანჯელა ლი როსიმ ხაზი გაუსვა საქართველოსა და UNHCR-ის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. მან განაცხადა, რომ ლტოვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისი თვალყურს ადევნებს მიმდინარე პროცესებს, ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული თემები გათვალისწინებული იქნება UNHCR-ის ოფისის მიერ.
UNHCR-ის ევროპული ბიუროს დირექტორის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ინიციატივის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, აღნიშნულ პროცესებში ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.