ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო წამების მსხვერპლთა დახმარების გაეროს ნებაყოფლობითი ფონდის მეგობართა ჯგუფის შექმნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

20.03.2019 ჟენევა- ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, წამების მსხვერპლთა დახმარების გაეროს ნებაყოფლობითი ფონდის ახალი მეგობართა ჯგუფის შექმნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მთავარი მომხსენებელი გახლდათ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე. ღონისძიებას თანათავმჯდომარეობდნენ ჟენევაში საქართველოსა და დანიისა მუდმივი წარმომადგენლები, რომელთაც მეგობართა ჯგუფის სახელით მოწვეულ სტუმრების სიტყვით მიმართეს.
 
„საქართველო გახლავთ ყოველგვარი წამების, არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის უპირობო მხარდამჭერი, სწორედ ამ მიზეზით გავხდით მეგობართა ჯგუფის წევრი და თანა-თავმჯდომარე.“- აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას. მან დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძოს აღნიშნული გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა.
 
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საკუთარ გამოსვლაში წამების აღმოფხვრის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა. ამ კუთხით, ყურადღება გაამახვილა პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებულ ეფექტურ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ გაწეული საქმიანობით საქართველო დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს.
 

წამების მსხვერპლთა დახმარების გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი ერთადერთი და უნივერსალური ჰუმანიტარული მექანიზმია, რომელიც პირდაპირ დახმარებას სთავაზობს წამების მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრებს. მეგობართა ჯგუფის ჩამოყალიბება კი ახალი ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს ფონდის მიზნების ეფექტურ განხორციელებას.
 
მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრია, ჩილე, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საქართველო, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნორვეგია, პერუ, შვეიცარია და ამერიკის შეერთებული შტატები.