ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვიაზა

23.03.2019 ყაზახეთი- ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,  ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა მანგისტაუს ოლქის აკიმს (გუბერნატორი)  ერალი ტუგჟანოვს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში.
ამასთან, ყაზახურ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობის, ლიბერალური საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების, გამარტივებული საგადასახადო სისტემის და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ.
 
აღინიშნა, რომ ყაზახეთს საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.  ხაზი გაესვა 2016 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობას მანგისტაუს ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.
 
ყაზახეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება  გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ტურიზმის განვითარების სფეროში.  ამ მიზნით, ქართულმა მხარემ ერალი ტუგჟანოვი მოიწვია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით.
 
შეხვედრაზე ასევე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა, ამ მხრივ ხაზი გაესვა, რომ  2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყაზახი ტურისტების რიცხვი 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 24,8%-ით გაიზარდა.
 
მანგისტაუს ოლქში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ზურაბ აბაშიძის შეხვედრა „ქართული კულტურული ცენტრის“ წარმომადგენლებთან. ელჩმა ქართულ დიასპორას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ყაზახეთის შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორას დიდი როლი ენიჭება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურულ–ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებაში და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებაში.
 
აღსანიშნავია, რომ მანგისტაუს ოლქი წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის სატრანზიტო რეგიონალურ ჰაბს, სადაც განთავსებულია „აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი“, საზღვაო პორტი „კურიკი“ და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტები. მანგისტაუს ოლქში მოქმედებს 27 საწარმო ქართული კაპიტალის თანამონაწილეობით.