ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

31.05.2018 - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. 
 
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ. ელჩმა ისაუბრა  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებულ ვვითარებაზე. ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა  საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიღწეულ წარმატებებს.
 
ღონისძიებაზე ასევე  სიტყვით გამოვიდა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. კოიშიბაევი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიმართვაში ხაზგასმული იქნა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ასევე,  გ. კოიშიბაევმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობებზე.
 
საზეიმო ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქართველმა მომღერალმა ნათია ქოროღლიშვილმა  და ფოლკლორულმა ანსამბლმა „გურჯაანი“.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კულტურის სფეროს, მასმედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.