ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

31.05.2019 ყაზახეთი- ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა  ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე და დასახულ მიზნებზე. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიცალური ვიზიტის მნიშვნელობას 2019 წლის 15-16 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკაში, რამაც დადებითი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში.

ასევე, დადებითად იქნა შეფასებული ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდი ტენდენცია, რომლის თანახმად სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის 2018 წელს 35%-ით გაიზარდა.  

აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ყაზახურ ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი. 2018 წლის  სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 25%–ით არის გაზრდილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, საქართველო – ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარემ  რ. სკლიარმა. მინისტრის მიმართვაში ხაზგასმულ იქნა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა  საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი რიგით მე-10 კომისიის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებს სატრანსპორტო სატრანზიტო სფეროში, ასევე სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით.
 
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ანსამბლი „ვაინახი“, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში სტუმრებს საშუალება მიეცათ ახლოს გაცნობოდნენ ქართულ ფოლკლორს, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სუვენირები და საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები, საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია.
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო 200– მდე  სტუმარი, მათ შორის იყვნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, ანალიტიკური ჯგუფების წევრები, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი ქართული დიასპორების წევრები.