ყაზახეთში საქართველოს საელჩომ საქველმოქმედო საშობაო ბაზარში მიიღო მონაწილეობა

3.12.2017 ასტანა - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო საშობაო ბაზარში, რომელზეც ტრადიციულად წარადგინეს 70–მდე ქვეყნის ეროვნული პროდუქცია და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების ნაწარმი.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნა ქართული ალკოჰოლური, მინერალური და გამაგრილებელი სასმელები,მრავალფეროვანი სუვენირები, ქართული ტკბილეული, ასევე ქართული სამზარეულოს ფართო ასორტიმენტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრის „კოლხეთის“ წარმომადგენლებმა. დიასპორის ფარგლებში მოქმედი ქართული ანსამბლის „ბაგრატიონი“–ს მომღერლების მიერ სტუმრებისათვის შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს  სტენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მას 10 ათასამდე დამთვალიერებელი ეწვია. გამოფენიდან შემოსული თანხა გადაეცემა ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებულ უპატრონო ბავშვთა სახლებს. დამთვალიერებელთა სიჭარბის გათვალისწინებით საქართველოს საელჩომ სოლიდური კონტრიბუცია განახორციელა.
საქველმოქმედო ბაზრის ორგანიზატორები იყვნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა მეუღლეები და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ღონისძიება სასტუმრო რედისონში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო რეგულარულად მონაწილეობს საქველმოქმედო საშობაო ბაზარში, რაც ხელს უწყობს ქართული კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ასევე ფართო მასებში ცნობადობის ამაღლებას ქართული წარმოების პროდუქციაზე.