ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით რაც არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი

30.08.2017 თბილისი - „ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით. ეს არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არცერთი ნაბიჯი, არცერთი ქმედება საქართველოს მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა  ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  რუსეთისთვის დახმარების მოთხოვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
როგორც ტელეკომპანია "იმედში" პირდაპირ ეთერში საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საქართველომ დახმარებისათვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. "ჩვენ გვქონდა რეზერვში მობილიზებული ყველა ის რესურსი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე ავამოქმედეთ  საერთაშორისო ფორმატები, ასევე ორმხრივი ფორმატები, იმისათვის რომ ყველა საჭირო ტექნიკა, რაც გარკვეული განვითარებების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულიყო გვქონოდა მობილიზებული. მივმართეთ როგორც ევროატლანტიკური საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ასევე ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრს, გაერო-ს ფარგლებში შესაბამის ცენტრს, ასევე ვიმუშავეთ ორმხრივ რეჟიმში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია, ორმხრივი მოთხოვნები, როდესაც უკვე განსაზღვრულია თუ რა ტიპის დახმარებაზე, ტექნიკაზე და შემდგომ ნაბიჯებზეა საუბარი.“- განაცხადა ჯანელიძემ.
 
ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთიდან შესაძლო დახმარების თაობაზე თავიდანვე იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ჯერ კიდევ 22 აგვისტოს, შემდეგ კი 24 აგვისტოს გააკეთა განცხადებები.26 აგვისტოს კი, მას შემდეგ რაც საზოგადოება დაინტერესდა კონკრეტული პროცედურით,  რუსეთთან შესაბამისი კომუნიკაციის დეტალური განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
 
რუსეთისათვის ნოტის გაგზავნის საკითხზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა ამ პროცედურის ფორმალური მხარე და უკრაინის მაგალითი მოიყვანა "მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ნოტას, გუშინ მოგეხსენებათ რომ საუბარი შედგა პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ კვირიკაშვილს შორის, მაგრამ ასევე ფორმალობა მოითხოვდა ნოტის გაგზავნას უკრაინული მხარისათვის. უკრაინიდან გამოხატული მზაობის შემდგომ საჭირო გახდა ნოტის გაგზავნა"- აღნიშნა მინისტრმა.
 
მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მათი შეფასებები სრულიად უპასუხისმგებლო და პოლიტიკური სპეკულაციის მატარებელია.
 
„ოპოზიციამ იცოდა რუსეთის დახმარების შესახებ 22 რიცხვშივე, თუ რაიმე კითხვა არსებობდა რომელიმე დეპუტატის მხრიდან,  ჟურნალისტის თუ საზოგადოების მხრიდან, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად იყო და დღესაც რჩება ღია ნებისმიერი კომუნიკაციისთვის. ჩვენს ქმედებებში არცერთი ნაბიჯი დამალული არ ყოფილა, შესაბამისად  დამატებითი ინფორმაცია იმის გარდა რაც საჯაროდ უკვე ითქვა და მიეწოდა საზოგადოებას  ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რადგან რაც ითქვა ეს არის ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია“.-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.