ზვიად გონაძე საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების დირექტორს შეხვდა

29.09.2017, თბილისი - 29 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ზვიად გონაძე საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების დირექტორს მარკ ჰულსტს და ორგანიზაციის თანამშრომელს ნათია კვიციანს შეხვდა. მხარეებმა დიასპორასა და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომავალი საფინანსო წლის განმავლობაში  ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების თანადაფინანსების მიმართულებით და სამინისტროსთან ერთად ქვეყნისთვის საჭირო რამდენიმე პროექტს დააფინანსებს. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მიგრაციული და  დიასპორული პროცესების სისტემატიზაციას, რითაც  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გამავალი და შემომავალი მიგრაციული ნაკადების ადმინისტრირება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში დიასპორული ჩართულობა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან  თანამშრომლობით, საქართველო დასავლური სტანდარტების მიღწევის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.