საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვარტალური ანგარიშები

2015 წლის 1 იანვრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. 

აღნიშნული ანგარიშები მზადდება საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ანგარიშები მზადდება ინგლისურ ენაზე და მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის უკეთ ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

სამინისტროს ანგარიშები მზადდება ღია წყაროებზე დაყრდნობით და ახდენს არსებული ინფორმაციის კონსოლიდაციას და ანალიზს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების დარღვევის კუთხით. ანგარიშების მომზადების მიზანია გაგრძელდეს და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებზე.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების წამებასა და არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იქცა ე.წ. „შავ ხვრელებად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებისათვის. საერთაშორისო ორგანიზაციებს შეზღუდული აქვთ შესვლა საქართველოს ამ რეგიონებში საოკუპაციო ძალის მიერ დაწესებული რეჟიმის გამო. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ მუდმივად აწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას იმის თაობაზე, თუ რა ხდება ამ ტერიტორიებზე ადამიანს უფლებათა მდგომარეობის კუთხით.

დღეის მდგომარეობით უკვე მომზადდა ორი ასეთი ყოველკვარტალური ანგარიში. საერთაშორისო თანამეგობრობა დადებითად შეხვდა სამინისტროს აღნიშნულ ინიციატივას. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადების პრაქტიკას.

  1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ყოველკვარტალური ანგარიში (2015 წლის იანვარი-მარტი)

  2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ყოველკვარტალური ანგარიში (2015 წლის აპრილი-ივნისი)


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ყოველკვარტალური ანგარიშები