საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და მისი პირველი რაუნდი გაიმართა 2008 წლის 15 ოქტომბერს. დღევანდელი მდგომარეობით, შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32 რაუნდი, მორიგი 33-ე რაუნდი დაგეგმილია 2015 წლის 6-7 ოქტომბერს.

მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ნეიტრალური სტატუსის მქონე ფორმატი, სადაც მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჟენევის მოლაპარაკებების სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორი პარალელური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

პირველ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების თემატიკა, კერძოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საქართველოს კონსტრუქციული მიდგომისა და რუსეთთან მიმართებით ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივად აღებული ვალდებულების მიუხედავად, მოსკოვი კვლავაც აცხადებს უარს, საქართველოს მსგავსად, აიღოს ძალის გამოუყენებლობის  ვალდებულება.  მოსკოვის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“ ინტეგრაციის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკა ცხადყოფს რუსეთის მიერ მსგავსი ვალდებულების აღებისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვ. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უგულებელყოფს დევნილი მოსახლეობის უფლებებს და გამუდმებით ახდენს დაბრუნების საკითხის პოლიტიზირებას.

ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-4 რაუნდზე, 2009 წლის თებერვალში, მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (იპრმ) ჩამოყალიბების შესახებ როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს ადგილზე ყოველდღიური გამოწვევების განხილვას და რეაგირებას, ასევე კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრას მის ფარგლებში შექმნილი ცხელი ხაზის საშუალებით. იპრმ-ის შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იპრმ შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით შეხვედრები შეწყვეტილია 2012 წლის 24 აპრილიდან, მას შემდეგ რაც სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მაშინდელი ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი მისთვის მიუღებლად ცნო.

საქართველოს მთავრობა განიხილავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს როგორც ერთადერთ ფორმატს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად და ადასტურებს კონსტრუქციული ჩართულობისთვის მზადყოფნას.

 


პრეამბულა

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

კონფლიქტის ისტორია

ჟენევის მოლაპარაკებები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით

დევნილი მოსახლეობა

საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა

საერთაშორისო ჩართულობა


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ყოველკვარტალური ანგარიშები