საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად ოკუპირებული რეგიონების სტატუსს და ადგენს მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

კანონის მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
  • ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. 

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია:

  • ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა;
  • სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ან/და გამოტანა;
  • საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა;
  • სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა;
  • სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა;
  • ფულადი გადარიცხვების ორგანიზება;
  • ჩამოთვლილი საქმიანობის დაფინანსება ან რაიმე სხვა ფორმით ხელშეწყობა.

კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

კანონის სრული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/19132


კითხვა/პასუხი

ვინ გასცემს ნებართვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლაზე?
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის № 219 დადგენილების თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ვინ გასცემს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ნებართვას?
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის № 219 დადგენილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობა გაიცემა განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი მინისტრის ბრძანებით,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

რა პასუხისმგებლობა ეკისრება კანონის დამრღვევ პირებს?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილია (1) ჯგუფურად; (2) არაერთგზის; (3) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; (4) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3222-ე მუხლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი (1) ჯგუფურად; (2) არაერთგზის; (3) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ  ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 


პრეამბულა

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

კონფლიქტის ისტორია

ჟენევის მოლაპარაკებები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით

დევნილი მოსახლეობა

საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა

საერთაშორისო ჩართულობა


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ყოველკვარტალური ანგარიშები