ყურადღება! აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით. დეტალური ინფორმაცია უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე:
https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193
საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:
ა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები - მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან საჰაერო გზით გამომგზავრების შემთხვევაში (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).
მათ სასაზღვრო პუნექტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შესვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.
აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს,
თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომლის შევსებაც გამომგზავრებამდე უნდა მოხდეს, ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ევროკავშირის 5 ქვეყნის* გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.
*გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.
გარდა ზემოთ მითითებული კატეგორიებისა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;
ბ) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა (პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით);
გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);
დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები;
ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;
ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები;
ზ) ოფიციალური დელეგაციების წევრები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
თ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლები, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალი, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები.