„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგი

თბილისი, 2015 წლის 26 ნოემბერი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პრესისთვის 

  • დღეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მე-6 მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსნა. მანამდე, არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ჯანდაცვის საკითხებზე სექტორული სხდომა გაიმართა, რომელსაც  შესაბამისი მინისტრები და ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის დარგში ევროკომისარი  ვიტენის ანდრიუკაიტისი დაესწრნენ.

  • საქართველო, როგორც  ყოველთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მთავარ მხარდამჭერად რჩება, შესაბამისად, მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას უკვე ხელმეორედ ვმასპინძლობთ. არაფორმალური დიალოგის ფარგლებში წინა შეხვედრა 2013 წელს გაიმართა, და მაშინდელი სექტორული სხდომა სატრანსპორტო საკითხებს დაეთმო.

  • ნება მიბოძეთ მივესალმო  მაღალი დონის სტუმრებს ევროკავშირიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან და მადლობა გადავუხადო მათ პროცესში ჩართულობისა და დღევანდელ შეხვედრაში შეტანილი წვლილისთვის.

  • ჩვენ დეტალურად განვიხილეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზეც. 

  • ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები  ახალი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისადმი ევროკავშირის ახლებური მიდგომის შესახებ. საქართველოს დელეგაციის სახელით, მსურს დავადასტურო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისადმი ჩვენი მხარდაჭერა

  • განვიხილეთ რა მაისში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგები, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი  წვლილი შევიტანოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გაძლიერებული, მჭიდრო და დიფერენციული ურთიერთობების განვითარების პროცესში

  • ჩვენ ვაფასებთ იმ უნიკალურ ურთიერთობას, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. საქართველო სრულად გამოიყენებს ამ ურთიერთობების პოტენციალს და უზრუნველყოფს თავისი საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებას 

  • მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ვუსურვო მათ წარმატება მომავალ საქმიანობაში