საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის ერთობლივი პრეს-კონფერენცია

თბილისი, 2015 წლის 24 ნოემბერი

მოგესალმებით...

მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, საქართველოში ვუმასპინძლო ჩემს ლატვიელ კოლეგას, ბატონ ედგარს რინკევიჩს.

ლატვია ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი ქვეყანაა. ეს მეგობრობა თაობებს ითვლის და ის მტკიცე საფუძველს უქმნის იმ ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ჩამოყალიბდა. ამ წლების განმავლობაში ლატვიამ არაერთხელ დაამტკიცა საქართველოსადმი ერთგულება მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერით, ასევე უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარების პროცესში გამოცდილების გაზიარებით.

გამორჩეულად ვაფასებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ურყევ მხარდაჭერას, ასევე პირადად ედგარს რინკევიჩსის განსაკუთრებულ წვლილს ამ საკითხში.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ლატვია პირველად იყო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ლატვიის თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და მსურს მადლობა გადავუხადო მინისტრს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც ლატვიამ საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატებული მაგალითის წარმოსაჩენად გასწია.

ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მეტად წარმატებულად ვითარდება. წლის განმავლობაში შედგა როგორც მაღალი დონის ვიზიტები, ასევე აქტიური იყო უწყებათაშორისი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

დიდი პოტენციალი გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. დეკემბერში თბილისში გაიმართება საქართველო-ლატვიის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომა.

ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე გარდა ორმხრივი საკითხებისა, განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ყველა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება და სამომავლო გეგმები. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

განვიხილეთ ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

მადლიერები ვართ ლატვიის მონაწილეობისთვის ნატო-ს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით.

დარწმუნებული ვართ, რომ 2016 წლის ვარშავის  ნატო-ს სამიტზე საქართველო, ლატვიის და სხვა მეგობარი ქვეყნების დახმარებით გადადგამს ნაბიჯს ალიანსში გაწევრიანებისკენ.

ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მის წინაშე მდგარი საფრთხეები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა.

ბატონი მინისტრი დღეს გეგმავს გამგზავრებას საოკუპაციო ხაზთან, სადაც იგი ადგილზე გაეცნობა არსებულ მძიმე ვითარებას.

შევეხეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას და გლობალურ საფრთხეებს. იმედი გამოვთქვით, რომ ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს გაუმკლავდეს მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს საქართველოში სტუმრობისათვის და ვუსურვო მას წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ახლა კი სიტყვას გადავცემ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს...