საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბორგე ბრენდეს ერთობლივი პრეს-კონფერენცია

მოგესალმებით…

უპირველ ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ბატონ ბორგე ბრენდეს თბილისში ჩამობრძანებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ეს ბატონ ბრენდეს პირველი ვიზიტია საქართველოში და  იგი ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის საპატიო სტუმარია.

ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრობის ნათელი დადასტურებაა.

მაშინ, როდესაც საქართველო და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების სოლიდარობა, თანადგომა და ჩართულობა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი ნორვეგიის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. 

ამ მტკიცე მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია ისიც, რომ დღეს, ჩემს ნორვეგიელ კოლეგასთან ერთად, ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“.

დღეს შეხვედრაზე განვიხილეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. 

შევთანხმდით, რომ მეტად აქტუალურია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება. უნდა აღვნიშნო, რომ იზრდება ნორვეგიის საქმიანი წრეების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით. იმედი გვაქვს, რომ ეს დაინტერესება, უახლოეს პერიოდში, კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ჰპოვებს ასახვას. 

ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში მინდა გამოვყო ენერგეტიკის სფერო, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამჟამად, ნორვეგიული კომპანია “Clean Energy Invest“ მდინარე აჭარისწყალზე აშენებს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს. ამ  მასშტაბური და წარმატებული პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის დამოუკიდებლობასა და მდგრადობას.  

ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია 2013 წლიდან მიმდინარე სამწლიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შესწავლას და რომლისთვისაც ნორვეგიის მთავრობამ სოლიდური თანხა გამოყო.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდია ნორვეგიის როლი საქართველოს განათლების სფეროს მოდერნიზების პროცესში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მადლიერებას იმ ფინანსური და საექსპერტო მხარდაჭერისთვის, რასაც ნორვეგიის მთავრობა ახორციელებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის. 

მეტად მნიშვნელოვანია ჩვენს მთავრობებს შორის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე არაერთი პროექტი.

საქართველო-ნორვეგიის ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე წარმატებით ვითარდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. 

მნიშვნელოვანია ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

ჩვენ ვისაუბრეთ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და „არსებითი პაკეტის“ (Substantial Package) განხორციელების მიმდინარეობაზე, რომლის იმპლემენტაციაში ნორვეგიას სერიოზული წვლილი შეაქვს: ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, ხელმძღვანელი ნორვეგიელი სამხედრო იქნება.

ასევე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იგი აქტიურად არის ჩართული საერთო-ევროპულ პროცესებში და მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს ევროკავშირთან. 

მოგეხსენებათ, 2014 წლის ბოლოს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. დღეს დასრულდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართა. მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ დაგეგმილ 4 რაუნდში შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების დასრულება. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, ჩვენს ექსპორტიორებს მისცემს ახალ შესაძლებლობებს და გამოიწვევს დამატებით საინვესტიციო ინტერესს.

შეხვედრისას ასევე აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის სტრატეგიული მნიშვნელობა. 

შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა, მოსალოდნელი საფრთხეები და მიმდინარე გამოწვევები, მათ შორის გორისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები და რუსეთის მხრიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები. 

ნორვეგიელმა მინისტრმა ერთ-ერთმა პირველმა დაგმო რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის დადებული ე.წ. „ხელშეკრულებები“. 

დღეს ბატონი ბრენდე ბრძანდებოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთში, სადაც თავად იხილა რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები.

ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ასევე მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ. 

ჩვენს წინაშე არსებული საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო განუხრელად აგრძელებს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისათვის მნიშვნელოვან რეფორმირების პროცესს და ერთგულია ევროპისკენ და ნატოსკენ აღებულ კურსისა.

ნორვეგია - როგორც დემოკრატიული, სტაბილური და ეკონომიკურად აყვავებული ქვეყნის სანიმუშო მაგალითი, ჩვენი ახლო პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება. 

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის, მტკიცე მხარდაჭერისა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობისთვის.