Wiener Zeitung -  ევროკავშირის ფასი


ავსტრიის გაზეთ «Wiener Zeitung»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან, რომელიც მას კორესპონდენტმა მარტინა ჩარნოვსკამ ჩამოართვა.

საქართველო ევროკავშირს  თანდათანობით, მცირე ნაბიჯებით უახლოვდება. დღეს კავკასიის ამ სახელმწიფოსათვის, რომლის მოსახლეობა თითქმის 4 მილიონს აღწევს, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ევროპასთან ინტეგრირებაა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დრო და ძალისხმევა რეფორმების გასატარებლად იუსტიციის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სფეროებში. ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის კანონმდებლობაში დაახლოებით ექვსი ათასამდე ევროპული და საერთაშორისო ნორმაა  გაზიარებული. გასულ წელს თბილისმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომლის რატიფიცირება, სხვათა შორის, გერმანიამ ამ კვირაში მოახდინა, ავსტრიამ კი ორი კვირის წინათ…. ამის მიუხედავად, ევროინტეგრაციის კონკრეტული შედეგები არ ჩანს, გაჭიანურდა უვიზო რეჟიმის დაწესების (ვიზა-ლიბერალიზების) საკითხის მოგვარებაც. არადა, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრირების ალტერნატივა არ აქვს: მეზობელ რუსეთთან დამოკიდებულება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად მკვეთრად გაუარესდა, ჯერ-ჯერობით ისევ დაძაბულია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის თქმით, [რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა] ის ფასია, რომელსაც საქართველო წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების გამო იხდის, – აღნიშნულია პუბლიკაციის შესავალში.

- საქართველო, მოლდოვა, უკრაინა – „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე სახელმწიფოები არიან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია. იყო თუ არა ევროპელთა რეაქცია ზედმეტად რბილი?
- უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროპისათვის ძლიერი სიგნალი იყო, თუმცა სიტუაციის განვითარება უფრო ადრე დაიწყო: 2008 წლის რუსულ აგრესიას და საქართველოს ტერიტორიის დაკავებას მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობა არ ჰქონდა – მასში უკვე ჩანდა იმის ნიშანი, რომ საფრთხე ევროპულ კონტრუქციასაც დაემუქრებოდა. რუსეთს სურს თავისი გავლენის სფეროს გაფართოება იმ ფორმით, როგორიც საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად რუსეთი ძალას და მუქარას იყენებს, რათა ხელი შეუშალოს მეზობელ ქვეყნებს მათი ინტერესების რეალიზებაში. ეს კონცეფცია ნათელია, მაგრამ უკვე მოძველებულია და დღევანდელობას ეწინააღმდეგება.
- არის თუ არა კრემლის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები საკმარისი?

- ევროპის კავშირმა თავისი ფასეულობების დასაცავად ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს. ყოველ სახელმწიფოს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს დაცვას, არამედ ევროპული ფასეულობების დაცვასაც. ამ შემთხვევაში ევროკავშირი უფრო გაბედული უნდა იყოს. საქართველოს მაგალითი იმის დადასტურებაა, რომ თავის დროზე ევროპამ საჭირო დონეზე ვერ შეაფასა რუსეთის ინტერვენციის შორსმიმავალი შედეგები. ევროპა სწრაფად დაუბრუნდა „ჩვეულებრივი ბიზნესის“ პოლიტიკას რუსეთის მიმართ.

- მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის არცერთი წარმომადგენელს არ სურს იმის თქმა, რომ ევროკავშირის მიმართ იმედგაცრუება იგრძნობა. არის იმის ნიშნები, რომ მოსახლეობის სიმპათიები ევროკავშირისადმი მცირდება?
- ჯერ-ჯერობით ევროკავშირისადმი ნდობა ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას შედეგებიც უნდა ვაჩვენოთ იმისა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა უკვალოდ არ იკარგება. საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა ევროატლანტიკური კურსის გატარება, ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოება: 2008 წლის ომი სწორედ ჩვენი ევროპული კურსის [ნეგატიური] შედეგი იყო, ანუ ის ფასი, რომელიც საქართველომ გადაიხადა. ამასთან, ჩვენმა მუშაობამ [პოზიტიური] ნაყოფიც უნდა გამოიღოს.

ჩვენ ევროკავშირს საიმედო პარტნიორად მივიჩნევთ, რომელიც მხარს გვიჭერს არჩეული გზაზე წინსვლაში. ევროკავშირს თავის მეზობელ რეგიონში დემოკრატიის განმტკიცება სურს. ევროკავშირი უპირატესობას ანიჭებს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უშიშროების უზრუნველყოფას. საქართველომ, ეკონომიკის თვალსაზრისით, შეიძლება მთელი რეგიონისათვის ერთგვარი ცენტრალური რგოლის როლი შეასრულოს.
- დიახ, ეკონომიკური ფაქტორიც ადასტურებს იმას, რომ ქართველებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკოსები საკითხის გადაჭრას აჭიანურებენ… ჯერ კიდევ ორი თვის წინათ, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე თქვენ იმედი გქონდათ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შემოღებას დათანხმდებოდა, მაგრამ უარი მიიღეთ. იბადება კითხვა: იმედი ხომ არ გაგიცრუვდათ?

- რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა მიგვეღო. ერთი მხრივ, ჩვენ ველოდით მკაფიო სიგნალს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში, რადგან საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია დადგენილი პირობების შესასრულებლად, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკა არის შესაძლებლობის ხელოვნება, [ანუ შეიძლება ბევრი რამის სურვილი ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ რისი შესაძლებლობაც არის, იმით უნდა დაკმაყოფილდეს]. რიგის დეკლარაცია 30-ზე მეტი ქვეყნის მიერ მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება იყო.
 
- ასე რომ, ვიზა-ლიბერალიზაციიას შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სულ ცოტა, წლის ბოლომდე მაინც გადაიდო. გექნებათ კი მომავალ წელს თავისუფლად გადაადგილების უფლება?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირება შესრულდეს. არა მარტო საქართველოს მხრიდან, არამედ ევროკავშირის მიერაც. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც. უვიზო რეჟიმის მიღებით ქართველები დაინახავდნენ, რომ ევროკავშირისაკენ სწრაფვას დადებითი შედეგები მოაქვს ხალხისათვის. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან ერთად, უვიზო რეჟიმი გააფართოვებს პირად კონტაქტებს ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის, სტუდენტებს შორის, გააქტიურდება ტურიზმი. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები და მეზობლები, ერთმანეთისაკენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

http://www.wienerzeitung.at/nachrichten/europa/europaeische_union/765299_Der-Preis-der-EU.html