ჩეხური გამოცემა ''Mlada Fronte Dnes'' საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს

 ''ის რაც უკრაინაში ხდება, იმის განმეორებაა, რაც საქართველოს რუსეთმა ექვსი წლის წინ დაატეხა''

კითხვა: პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და აღმოსავლეთ უკრაინაში არ მომხდარა რუსების ინტერვენცია. მაინტერესებს თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.

პასუხი: ჩემთვის არ არის ცნობილი თქვენი პრეზიდენტის განცხადების კონტექსტი, რომლის ნაწილის ციტირებაც მოახდინეთ. განვითარებული მოვლენები ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სრულიად ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მხედველობაში მაქვს როგორც საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, ისე დამოუკიდებელი სახელმწიფოების უფლება, თვითონ განსაზღვრონ მათი მომავალი. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გაგრძელებაა იმისა, რაც ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ეს ომი იყო საცდელი ტესტი რუსეთის მხრიდან, რათა დაედგინა მიაღწევდა თუ არა საწადელს ყოველგვარი მსხვერპლის გაღების გარეშე. თუმცა, უკრაინაში არსებული სიტუაცია უფრო მასშტაბურია ზარალისა და მოქმედებების თვალსაზრისით.  ამასთანავე, დღეს გაცილებით უფრო ერთად შეკრულ და პრინციპულ ევროპას ვხედავთ. რუსეთს დაუწესდა სანქციები, რისი წარმოდგენაც კი 2008 წელს რთული იქნებოდა და  რუსეთი ამას მტკივნეულად გრძნობს. ჯერჯერობით სანქციებს არ მოუხდენია გავლენა რუსეთის პოლიტიკაზე, რისთვისაც დროა საჭირო. თუმცა, რუსეთი ალბათ მიხვდა, რომ დასავლეთი არ იქნება შემწყნარებელი მისი ისეთი ქმედებების გამო, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. მოსკოვი ვეღარ შეძლებს დაუსჯელად გააგრძელოს აღნიშნული კურსი.

კითხვანამდვილად შესაძლებელია ქართული და უკრაინული ვითარების შედარება?

პასუხი: რა თქმა უნდა. რუსეთს სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, განსხვავებული სამოქმედო გეგმა აქვს, თუმცა, ის რისი გამოყენებაც ხდება უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ უკვე გამოვცადეთ, დაწყებული სავაჭრო, პროპაგანდისტული ომებიდან თუ პროვოკაციებიდან, ღია საომარი კონფლიქტით დამთავრებული.

კითხვაუკრაინის გამო რუსეთს უახლოეს მოკავშირეებთან შეექმნა პრობლემები, კერძოდ, ალექსანდრე ლუკაშენკომაც გააკრიტიკა რუსეთი. თქვენი აზრით, რატომ მოიქცა ასე ბელორუსის პრეზიდენტი?
პასუხი: ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ბელორუსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ვაფასებთ ბელორუსის და კერძოდ, პრეზიდენტ ლუკაშენკოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, ქ. მინსკში, რუსეთს-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დიალოგში, პირადად მის მონაწილეობას. არავის უნდა ომი მეზობელ სახელმწიფოში და მე მჯერა, რომ ბელორუსი სამომავლოდაც შეასრულებს თავის კონსტრუქციულ როლს ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. კითხვა: რამოდენიმე დღის წინ თქვენ მონაწილეობდით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაში. რითია მომგებიანი ეს შეთანხმება და რითი გეხმარებათ ის თქვენ?
პასუხი: ჩვენთვის ეს ისტორიული მომენტი იყო, ვინაიდან აღნიშნულ შეთანხმებას ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყავს. ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის კომპონენტსაც. შესაბამისად, იგი ევროკავშირის მიერ ხელმოწერილი მსგავსი ტიპის შეთანხმებებში ყველაზე ამბიციურია. ჩვენ გვჯერა, რომ ის გაგვიყვანს ევროპის ყველაზე მიმზიდველ ბაზრებზე და ამასთანავე დაგვეხმარება საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. იმისათვის, რომ ხელშეკრულებით მონიჭებული პრივილეგიებით ვისარგებლოდ, აუცილებელია ევროპული სტანდარტების შემოღება და ევროკავშირის საკანონმდებლო ნორმების დამკვიდრება. თქვენ, ჩეხებს, კარგად გესმით, თუ რამდენად რთულია და დროში გაწელილია პროცესი, რომელსაც ასევე სჭირდება განათლებული ადამიანური რესურსების მობილიზება. ამიტომ, მინისტრ ლუბომირ ზაორალეკთან გამართული შეხვედრის დროს ჩეხური მხარის საექსპერტო დახმარება ერთ-ერთი განსახილველი თემა გახლდათ.
კითხვარა მდგომარეობაა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით? როდის შეძლებენ ქართველები უვიზოდ ევროპაში მოგზაურობას?
პასუხიეს ჩვენი პრიორიტეტია. მოლაპარაკებები ერთი წლის წინ დავიწყეთ. ბრიუსელში ახლახანს ჩატარებული შეხვედრისას შევთანხმდით რეჟიმის თანდათანობით განხორციელების გეგმაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის მაისში რიგაში დაგეგმილ სამიტამდე აღნიშნულ პროცესს დავამთავრებთ და ვიზები გაუქმდება.
კითხვათუმცა მოლდოვას სავიზო რეჟიმი აღარ აქვს...
პასუხიიმიტომ, რომ ჩვენამდე ორი წლით ადრე დაიწყო მოლაპარაკება.
კითხვა:  რატომ არის ეს თქვენთვის ამდენად მნიშვნელოვანი?
პასუხივინაიდან ორივე მხარეს გაუმჯობესდება ადამიანებს შორის კონტაქტები. საქართველოსათვის ტურისტული ვიზების გაუქმებას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია, რადგან გაიზრდება ჩვენი პასპორტების პრესტიჟი იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც (რუსეთის მიერ) ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ცხოვრობენ.
კითხვარას წარმოადგენს რუსეთისათვის მცირე რეგიონების, აფხაზეთისა და ოსეთის დაპყრობა?
პასუხიეს ლეგიტიმური შეკითხვაა, რომელიც უფრო რუსეთის მთავრობას უნდა დაუსვათ. მე შემიძლია აღვნიშნო, რომ თუკი დღეს გაქვს რაიმე ტერიტორიის ინტერესი, არსებობს აბსოლუტურად სხვა ინსტრუმენტები მიზნის მისაღწევად - ეკონომიკური, საინვესტიციო. რუსული პოლიტიკა, რომელიც აძლიერებს ძალაუფლებას და გავლენას იქ, სადაც იპყრობს ტერიტორიებს, მეცხრამეტე საუკუნის მოდელს ჰგავს და აბსურდულია.
კითხვადონეცკში ჩემი ყოფნის დროს ადამიანები მეკითხებოდნენ, თუ როგორი ცხოვრებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
 
პასუხი: საბჭოთა კავშირის პერიოდში აფხაზეთი იყო ქვეყნის ნატვრის თვალი: მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით, კულტურის მრავალფეროვნებით, მრავალეთნიკურობით. დღეს, აფხაზეთში მაცხოვრებელი ადამიანები ღარიბები არიან, ყოველდღიურად ირღვევა მათი უფლებები. აფხაზეთი გადაიქცა მხოლოდ რუსული სამხედრო ძალების ბაზად. რუსებს არ გააჩნიათ ინტერესი განავითარონ იგი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს აფხაზეთის მთავრობასთან მომდევნო ინტეგრირებაზე, რაც სხვა თუ არაფერი რუსეთის მხრიდან აფხაზეთის სრული ანექსიის პირველი ნაბიჯია. ეს უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობისათვის მაღვიძარა, რომელმაც უნდა შეიგნოს, რომ მოსკოვს არ აინტერესებს აფხაზი ერის და მისი დამოუკიდებლობის ბედი. ამიტომ დონეცკში, ადამიანებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ის რაც ხდება მათი კეთილდღეობისაკენ არის მიმართული. პირიქით, ამას დესტრუქციული შედეგი ექნება.
კითხვა: თქვენმა მთავრობამ 2012 წლის შემდეგ, რუსეთის მიმართ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა. კრემლისგან პოზიტიური შეფასება მიიღეთ?
პასუხიდიახ, ჩვენი მთავრობა შეეცადა გაენელებინა რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები. ჩვენ შევეცადეთ დაგვეწყო რუსეთთან დიალოგი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები. რაღაც გამოგვივიდა - ქართული პროდუქცია: ღვინო, მინერალური წყლები, ზოგიერთი სოფლის მეურნეობის პროდუქტი დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე. მაგრამ პრინციპულ საკითხებში ვერ გადავდგით ნაბიჯი წინ, ვინაიდან ჩვენი „წითელი ხაზია" საქართველოს ტერიტორიული და სუვერენიტეტი. პროგრესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აღიარებს ამას რუსეთი.
კითხვა: თუკი გაწევრიანდებით რუსეთის საბაჟო კავშირში, დაგიბრუნებთ მოსკოვი აფხაზეთსა და ოსეთს?
პასუხი: არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება. საქართველოსათვის ევროპული ორიენტაცია არ არის ვაჭრობის საკითხი. საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ჩვენთვის ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელი გადაწყვეტილებაა. ამისათვის ჩვენ ძალზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ და ამ პროცესს გავაგრძელებთ. თუმცა ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგ მომართული. რუსეთს უნდა გააჩნდეს ინტერესი, რომ საქართველო ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო იყოს, რომელიც გახდება რუსეთის სამხრეთ საზღვრების სტაბილურობის გარანტი.
კითხვა: მოესწრება ჩვენი თაობა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას?
პასუხი: რატომაც არა? დემოკრატიის, განვითარებული ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და ასევე, მოძრაობა ევროკავშირისა და ნატოსკენ, უკვე თავისთავად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ეს წარმატებით ვითარდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ მომენტისთვის, როცა ევროკავშირისა და ალიანსის კარები ჩვენთვის სრულად გაიღება.
მიმაგრებული დოკუმენტები: