ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 25 მარტს.

1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიის რესპუბლიკაში:

  • ქეთევან ციხელაშვილი - 2020 -დღემდე
  • დავით დონდუა (2018-2020)
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი (2013-2017)
  • პაატა გაფრინდაშვილი (2009-2013)
  • ვიქტორ დოლიძე (2005-2009)
  • კონსტანტინე ჟღენტი (2004-2005)
  • გიორგი არსენიშვილი (2001-2004)
  • ლევან მიქელაძე (1996-2001)

2016 წლის სექტემბერში თბილისში გაიხსნა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო.

ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • თომას მიულმანი - 2020 - დღემდე
  • არად ბენკო 2016 – 2020 (პირველი ელჩი რეზიდენციით თბილისში)

2013-2016 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა აზერბაიჯანში ავსტრიის საელჩოდან:

  • აქსელ ვეხი (2015-2016)
  • სილვია მაიერ-კაჟბიჩი (2013-2014)

1998-2012 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა ავსტრიიდან:

  • მიხაელ პოსტლი (2010-2012)
  • მარიუს კალიგარისი (2006-2010)
  • ჰაიდემარია გიურერი (1998-2006)

2019 წლის 15 მარტს, თბილისში გაიხსნა ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო.

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, სამართალდაცვით, კულტურისა და განათლების სფეროებში. მნიშვნელოვანია ავსტრიასთან განვითარების სფეროში თანამშრომლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მეშვეობით, რომლის წარმომადგენლობა საქართველოში ოფიციალურად 2013 წლიდან ფუნქციონირებს. პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენს საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა და სხვა. ავსტრია საქართველოს აქტიური პარტნიორია ევროკავშირის „თვინინგის“ პროექტების განხორციელების მხრივაც. ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია და მიმდინარე ეტაპზე ძალაშია 11 შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.

საქართველოსა და ავსტრიას შორის რეგულარულად ხორციელდება უმაღლესი/მაღალი დონის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები. ბოლო წლებში საქართველოს სტუმრობდნენ ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი, ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მაღალი რანგის წარმომადგენლები და სხვა. ავსტრიაში ვიზიტები გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა და სხვა დარგობრივმა მინისტრებმა.

ინტენსიურად მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ავსტრიის პარლამენტში მოქმედებს ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი.

ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ავსტრიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის სექტემბერში თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა.

დინამიკურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა. მზარდია ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. ავსტრიული კაპიტალით და კომპანიების მონაწილეობით განხორციელდა და გრძელდება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკის, ენერგეტიკის, კვების მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში („გებრიუდერ ვაისი“, „არაგვიჰესი“, „მესტიაჭალა“, „დოპელმაიერი“ და სხვა). ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი მიმართულებების გამოკვეთა/ათვისების მიზნით, რეგულარულად იმართება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები თუ სავაჭრო მისიები, ხოლო ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება საქართველო-ავსტრიის შერეული ეკონომიკური კომისია, რომელიც ერთობლივად განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, ასევე, იდგმება ნაბიჯები ავსტრიაში საქართველოსა და ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდის მიზნით, რასაც ხელს უწყობს მრავალრიცხოვანი ღონისძიებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები (გამოფენები, მუსიკალურ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, კონცერტები, ქართული ენის სწავლება, ქართველი ავტორების ნაწარმოებების საჯარო კითხვა და თარგმანების პრეზენტაციები და სხვ). განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2018 წლის 25 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე ვენის „ალბერტინას მუზეუმში“ ნიკო ფიროსმანის გამოფენა - „Wanderer zwischen den Welten" (სამყაროებს შორის მოხეტიალე), სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან. 2000 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს ავსტრიული ბიბლიოთეკა. ვენის დიპლომატიური აკადემია ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს ქართველი სახელმწიფო მოხელეებისათვის. 1982 წლიდან დაძმობილებული ქალაქებია თბილისი და ინსბრუკი.

ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებული ისტორიული კავშირების თვალსაჩინო მაგალითია ავსტრიელი მწერალი და პაციფისტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი ბერტა ფონ ზუტნერი, რომლის ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, სადაც მან მეუღლესთან ერთად წლები გაატარა. 2019 წელს ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ზუგდიდის მერიასა და საქართველოში ავსტრიის საელჩოსთან ერთად დააფუძნა ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის პრემია, ხოლო 2020 წლის 21 აპრილს, ნიშნად ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა, მიმოქცევაში გამოვიდა ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის საფოსტო მარკა.

ბმულები:

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში
ავსტრიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო
ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი
ავსტრიის პარლამენტი
ავსტრიის ფედერალური კანცლერი
ავსტრიის განვითარების სააგენტო