სუამ-ის დაარსება

 

 

სუამ-ის ვებ-გვერდი:

http://guam-organization.org/

twitter:

@GUAMSecretariat 

Facebook:

https://www.facebook.com/odedguam/

1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი. 

2006 წლის 22-23 მაისს, კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი. ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით. 

 

სუამ-ის ორგანიზაციის მიზნები

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ძირითადი მიზნები, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად:

  • დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა;
  • სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;
  • ევროპის ინტეგრაციის გაღრმავება საერთო უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად, აგრეთვე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოება;
  • მხარეთა სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება;
  • საერთო ინტერესის სფეროებში პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გააქტიურება.
     

ორგანიზაციული სტრუქტურა

სუამ-ის სამდივნო

მდებარეობს კიევში. სამდივნო ახორციელებს სუამ-ის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. სამდივნო ფუნქციონირებს სუამ-ის გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება 4 წლის ვადით.

2020 წლის 1 იანვრიდან სუამ-ის გენერალურ მდივნად 4 წლის ვადით დანიშნულია ალთაი ეფენდიევი, (აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი ესპანეთში).

2007-2015 წწ-ში სუამ-ის გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა ვალერი ჩეჩელაშვილს.
 

თავმჯდომარე ქვეყანა

2020 წელს - აზერბაიჯანი

საბჭო

  • სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო (სუამ-ის სამიტი);
  • საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო;
  • სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების საბჭო;
  • სუამ-ში მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) საბჭო.

2019 წლის 12 დეკემბერს, კიევში გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების მესამე შეხვედრა.

2018 წლის 5 ოქტომბერს, კიშინეუში გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების მეორე შეხვედრა.

2017 წლის 27 მარტს, კიევში, გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების პირველი შეხვედრა (და სუამ-ის პირველი ბიზნეს-ფორუმი).

სუამ-ის ბოლო სამიტი პრეზიდენტების დონეზე გაიმართა 2008 წელს ქ. ბათუმში.

2017 წლის 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართა სუამ-ის საგანგებო მინისტერიალი, სუამ–ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
 

სუამ-ის დარგობრივი სამუშაო ჯგუფები

სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კოორდინატორი ქვეყანა, რომელიც ინიშნება 2 წლის ვადით.

ჯგუფის კოორდინატორობას ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ირჩევენ და ერთმანეთში ანაწილებენ ნებაყოფლობით.

კოორდინატორი ქვეყნის ფუნქციაა სამუშაო ჯგუფის სხდომების ინიცირება და სხდომის თავმჯდომარეობა.

  1. საგანგებო სიტუაციების (2019-2020 წწ. კოორდინატორია საქართველო);
  2. კულტურისა და ტურიზმის (2019-2020 წწ. საქართველო);
  3. მეცნიერებისა და განათლების (2019-2020 წწ. საქართველო);
  4. ტრანსპორტის (2019-2020 წწ. კოორდინატორია აზერბაიჯანი);
  5. ეკონომიკისა და ვაჭრობის (2019-2020 წწ. კოორდინატორია მოლდოვა);
  6. დანაშაულთან ბრძოლის კოორდინაციის საკითხებზე (2019-2020 წწ. კოორდინატორია უკრაინა);
  7. სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე (2019-2020 წწ. კოორდინატორია უკრაინა);
  8. კიბერუსაფრთხოების (2019-2020 წწ. კოორდინატორია უკრაინა);
  9. ენერგეტიკის (2019-2020 წწ. კოორდინატორია აზერბაიჯანი);
  10. ინფორმაციული ტექნოლოგიების (2019-2020 წწ. კოორდინატორია უკრაინა);

ასევე, ფუნქციონირებს სამუშაო ორგანო - სუამ-ის ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელი კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც აქტიურად თანამშრომლობენ სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებები.

კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა სუამ-ის სავაჭრო ციფრული კვანძის კონცეფციის პროექტი და ამოქმედდა ვებ-გვერდი: http://guamtrade.net
 

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა

საპარლამენტო ასამბლეას თავმჯდომარეობა განისაზღვრება 1 წლის ვადით და მას ასრულებს იგივე ქვეყანა, რომელსაც სუამ-ის თავმჯდომარეობა აბარია.

ამჟამად, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას თავმჯდომარეობს უკრაინა.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია კახაბერ კუჭავა.

შექმნილია 2004 წლიდან, რომლის ფარგლებში ფუნქციონირებს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო და ოთხი პროფილური კომიტეტი:

  1. სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი (2019 წელს, თავმჯდომარეობს მოლდოვა);
  2. სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების კომიტეტი (2019 წელს, თავმჯდომარეობს უკრაინა);
  3. მეცნიერების, კულტურისა და განათლების კომიტეტი (2019 წელს, თავმჯდომარეობს აზერბაიჯანი);
  4. რეგიონული უსაფრთხოების კომიტეტი (2019 წელს, თავმჯდომარეობს საქართველო).

სუამ–ის საპარლამენტო ასამბლეის მე–12 პლენარული სესია გაიმართა 2019 წლის 26–27 ნოემბერს, კიევში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების გაერთიანებული სხდომები, ასევე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის ტრადიციული შეხვედრა.

აქტიურია საპარლამენტო თანამშრომლობა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეას შორის, ორ ორგანიზაციას შორის 2009 წელს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე.
 

სუამ-ის განცხადებები

2019 წლის 28 ივნისს, გაკეთდა სუამ-ის ერთობლივი განცხადება HRC-ის 41-ე სესიის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე.

წინა წლების მსგავსად, 2019 წლის 13 ნოემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისმე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას, უკრაინის თავმჯდომარეობამ განცხადება გააკეთა სუამ-ის სახელით. განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით; გამოითქვა მწუხარება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესთან, ე.წ. გამშვები პდაკავშირებით.

[Statement of the Delegations of GUAM member states on the Secretary General’s 20th consolidated report on the Conflict in Georgia]

2019 წლის 4 ივნისს, უკრაინის თავმჯდომარეობამ გააკეთა ტრადიციული სუამ-ის მხარდამჭერი განცხადება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე IDP რეზოლუციის კენჭისყრის დროს.

ვრცლად იხილეთ: https://guam-organization.org/en/organization-for-democracy-and-economic-development-guam-declarations-statements-communiques/
 

მიმდინარე პროექტები

მიმდინარე პროექტები

  • თავისუფალი სავაჭრო ზონა;
  • სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კონცეფცია;
  • ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან და სხვა საშიში ტიპის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ვირტუალური სამართალდამცავი ცენტრი.

პარტნიორი ქვეყნები და თანამშრომლობის ფორმატები

აშშ (სუამ+აშშ ფორმატი)

სუამ+ აშშ ფორმატი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 2002 წლის 6 დეკემბერს მიღებული სუამ-აშშ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო პროგრამის საფუძველზე: "GUAM-US Framework Program of Trade and Transport Facilitation, Ensuring Border and Customs Control, Combating Terrorism, Organized Crime and Drug Trafficking". წლების განმავლობაში, სუამ-ი ამერიკულ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას ავითარდება, ძირითადად, სამართალდამცავ და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში.

აშშ-ს დაფინანსებითა და ხელშეწყობით, სუამ-ის წევრ ქვეყნებში (შინაგან საქმეთა სამინისტროებში) შეიქმნა სუამ-ის ვირტუალური სამართალდამცავი ცენტრი (GUAM Virtual Law-Enforcement Center (VLEC), რომლის მიზანია მხარეებს შორის დაშიფრული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიზური სისტემის (Interstate Information Management System) საშუალებით.

ამერიკული მხარის ხელშეწყობით, ასევე ჩამოყალიბდა აქტიური თანამშრომლობა სუამ-სა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისს (UNODC) შორის, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას მოიცავს.

სუამ-აშშ ფორმატის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა გაიმართა 2017 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება „GUAM-US Joint Statement“.

სუამ-აშშ ფორმატში გამართულია 27 შეხვედრა, ხოლო 21 შეხვედრაზე მიღებულია დასკვნითი დოკუმენტები, ერთობლივი განცხადებების სახით.
 

იაპონია (სუამ+იაპონიის ფორმატი)

ფორმატს საფუძველი დაუდო 2007 წელს, ბაქოში სუამ-სა და იაპონურ მხარეს შორის გამართულმა შეხვედრამ.

2019 წლის 5 დეკემბერს, ბრატისლავაში გამართა სუამ-იაპონიის მაღალი დონის მორიგი შეხვედრა და მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.

2018 წლის 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73–ე სესიის ფარგლებში, გაიმართა სუამ-იაპონიის მე-6 მინისტერიალი. შეხვედრაზე მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტი - GUAM-Japan Joint Press Release, რომელშიც დაფიქსირდა იაპონიის მხრიდან სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი.

2017 წელს აღინიშნა სუამ+იაპონიის თანამშრომლობის 10 წლის იუბილე.

2017 წლის 20 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში, გაიმართა სუამ-იაპონიის მაღალი დონის შეხვედრა, რომელშიც იაპონური მხარე პირველად იყო წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე (Minister for Foreign Affairs Taro KONO). შეხვედრაზე ტრადიციულად მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტი - GUAM-Japan Joint Press Release, რომელშიც დაფიქსირდა პოლიტიკური მესიჯები, იაპონიის მხრიდან სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, ასევე შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიერ ქმედებების დაგმობა.

თანამშრომლობის პროგრამას “GUAM-Japan Cooperation program” ხელი მოეწერა 2015 წლის 3 დეკემბერს, ბელგრადში გამართულ სუამ-იაპონიის ფორმატის მაღალი დონის შეხვედრაზე. იაპონიის მხრიდან მონაწილეობა მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო მინისტრმა იოჯი მუტომ (Yoji MUTO).

2013 და 2015 წლებში იაპონიაში გაიმართა სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების „biannual“ ვიზიტები, რომლებიც თანამშრომლობის პროგრამის მომზადებას ისახავდა მიზნად.

სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების იაპონიაში ვიზიტები გაიმართა იაპონური არასამთავრობო ორგანიზაციის The Global Forum of Japan მიწვევითა და დაფინანსებით. ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულ ორგანიზაციაში ჩატარდა მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სუამ-იაპონიის მე-5 და მე-6 შეხვედრები, საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იაპონური მხარე ყოველწლიურად მასპინძლობს თემატურ სემინარებს სუამ-ის ექსპერტებისთვის, გამოცდილების გაზიარების მიზნით.

2019 წლის 17-23 მარტს გაიმართა თემატური სემინარი ინვესტიციების წახალისების საკითხებზე.

2018 წლის 28 იანვარი-3 თებერვლის პერიოდში, იაპონიაში გაიმართა ტრადიციული სემინარი სუამ-ის ექსპერტებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე.

2017 წლის 21-24 სექტემბერს იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Japan Expo 2017“ მოეწყო სუამ-ის ერთობლივი სტენდი.

იაპონიაში მსგავსი სუამ-ის ერთობლივი გამოფენის ორგანიზების პრაქტიკა უკვე არსებობს. 2010 და 2011 წლებში, ტოკიოში გამართული The World Tourism Fair-ის ფარგლებში, იაპონიის მხარდაჭერით, წარმოდგენილი იყო იაპონელი ტურისტებისთვის შემუშავებული სუამ-ის ტურისტული პროდუქტი.
 

კანადა

2018 წლის 6 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სუამ-კანადის პირველი მინისტერიალი, რომელსაც ესწრებოდა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრისტია ფრილანდი. შეხვედრაზე მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტი - GUAM-Canada Joint Press Release.

 

გაერო

2018 წლის 19 ნოემბერს გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მერვე გლობალური ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა სუამ-სა და გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმს სუამ-ის სახელით ხელი მოაწერა სუამ-ის გენ. მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა.

2018 წლის 26 ნოემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა გაერო-სა და სუამ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია.

აღნიშნული რეზოლუცია მეოთხედ იქნა წარდგენილი. ის ტრადიციულად 2 წელიწადში ერთხელ მიიღება.
 

ვიშეგრადის ჯგუფი

სუამ-V4 ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა 2009 წლის 1 დეკემბერს, ათენში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში. აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები მომდევნო წლებში არაერთხელ იყო განხილული, მათ შორის სუამ-ჩეხეთის და სუამ-პოლონეთის მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში.