საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოფელ პერევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

2008 წლის 13 დეკემბერს სოფელ პერევში (საჩხერეს რაიონი) ასობით რუსი მედესანტე გადმოსხეს. არსებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ სოფელი პერევი რუსული საჯარისო ნაწილების მიერ დე-ოკუპირებულ იქნა. თუმცა მოგვიანებით რუსი სამხედროები ძველ პოზიციებს დაუბრუნდნენ.  რუსული შეირაღებული ძალების მიერ წამოყენებული ულტიმატუმის საპასუხოდ, ქართულმა პოლიციამ მშვიდობიან მოსახლეობაში სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, დატოვა სოფელი. ამის შემდეგ საქართველოში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დღეს დილით თბილისიდან ჩავიდნენ პერევში, რათა საკუთარი თვალით ენახათ დე-ოკუპაციის პროცესის მიმდინარეობა, თუმცა დიპლომატებმა ვერ შეძლეს პერევში შესვლა.

გუშინ, რუსული საჯარისო ნაწილები და მძიმე ტექნიკა მოკლე პერიოდით გაიყვანეს სოფლიდან, რომელიც  მოგვიანებით კვლავ დააბრუნეს სოფელში. ეს ფაქტი წარმოადგენს მკაფიო გზავნილს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის ის სახელმწიფო, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს. სოფელ პერევში რუსი სამხედროების დაბრუნება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ევროკავშირის ბოლო განცხადების ფონზე, რომელშიც აღნიშნული ორგანიზაცია მიესალმება პერევის საგუშაგოს დაშლას.

ცხადია, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება ღიად იწვევს საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას და მონიტორებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში პერევში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებდნენ. გარდა ამისა, რუსეთის მხარე აშკარად ცდილობს ჩაშალოს ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის მესამე რაუნდი დაგეგმილია 2008 წლის 17-18 დეკემბერს.

რუსეთის ფედერაციის მსგვასი ქმედებები სრულ შესაბამისობაშია რუსეთის იმ პოლიტიკასთან, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნის მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს, რაც გამოხატულ იქნა მათ მცდელობაში შეეწყვიტათ საქართველოში ეუთო-ს მისიისა და UNOMIG-ის საქმიანობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოთქვამს მტკიცე პროტესტს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების კიდევ ერთი უხეში დარღვევის გამო. აღნიშნული ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ადგილზე ყოველმხრივი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერების აუცილებლობას.

სოფელ პერევიდან რუსული საჯარისო ნაწილების სრული და დაუყოვნებლივი გაყვანა არის ერთი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს სრული დე-ოკუპაციის მიმართულებით.

თბილისი, 2008 წლის 13 დეკემბერი