ქართული დიპლომატიის დღე

3  ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კოლეგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.
 
„ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს! მსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული ერთგული სამსახურისთვის. სწორედ თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის დამსახურებაა ის დიდი წინსვლა, რომელსაც საქართველომ  ბოლო პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია. ღრმად მწამს, რომ ერთად გავუმკლავდებით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე!“
 
დიპლომატის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო, 4 ნოემბერს ქ. თბილისის საკრებულოში, სადღესასწაულო მიღებას გამართავს.
 
ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები და ჟურნალისტები დაესწრებიან.