​ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

2020 წლის 7 ივლისს, ყაზახეთის მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან.
 
მხარეებმა განიხილეს COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ყაზახეთის მხარის თხოვნას, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, ყაზახეთის სხვადასხვა კლინიკებში ქართველი რეანიმატოლოგების, თერაპევტებისა და პულმონოლოგების მივლინების შესაძლებლობის თაობაზე.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს და საქართველოში მყოფი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავიანთ სამშობლოში დაბრუნების საკითხები.
 
საქართველოს მხარემ მადლიერება გამოთქვა ყაზახეთიდან ქართველი დიპლომატების რეპატრიაციის საკითხში ყაზახეთის მხარის მიერ გაწეული დახმარების გამო.