​დავით ზალკალიანი - ღია ცის ხელშეკრულების საკითხზე მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან

„საქართველომ 2012 წელს შეაჩერა ღია ცის ხელშეკრულება რუსეთთან მიმართებაში, რადგან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის, ღია ცის შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო, იგივე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. რუსეთმა 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღო ათი კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იმ მოტივით, რომ თითქოს ეს „ქვეყნები“ არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას, ხელშეკრულების აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მისთვის დასმულ შეკითხვაზე. 

ზალკალიანის თქმით, რუსეთის ზემოაღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთი დამგმობი განცხადება გაკეთდა როგორც საქართველოს, ისე სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან; აღნიშნული საკითხი  და საქართველოს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული ასევე ვენაში, საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში. 

„ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში მიზეზებს შორის აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და რომ ჩვენ გვაქვს ღრმა და საფუძვლიანი თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან, ასევე გრძელდება კონსულტაციები ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებთან, იმისთვის, რომ განისაზღვროს, თუ როგორი იქნება საქართველოს მხრიდან შემდგომი მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში.