​დავით ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლს შეხვდა

2020 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო- ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლს საქართველოში კემლინ ფურლ შეხვდა.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა UNHCR-ის ოფისის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას.
ამასთან, დავით ზალკალიანმა კემლინ ფურლის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ბოლო პერიოდში გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნის ადგილზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის გაერო-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში UNHCR-ის, მათ შორის ორგანიზაციის თბილისის ოფისის, უწყვეტი ჩართულობის მნიშვნელობა.

საუბრის დასასრულს, კემლინ ფურლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის მოწვევის წერილი, 2020 წლის 5-9 ოქტომბერს დაგეგმილ UNHCR-ის აღმასრულებელი კომიტეტის (ExCom) 71-ე სესიაში მონაწილეობის თაობაზე და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველო მონაწილეობას მაღალ დონეზე მიიღებს.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.