​ლაშა დარსალია მთავრობათაშორისი კოალიციის „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მიერ ორგანიზებულ, ვარშავის დეკლარაციის საიუბილეო მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

2020 წლის 26 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მიერ ორგანიზებულ, მინისტრთა დონის კონფერენციაში, რომელიც ვარშავის დეკლარაციის ხელმოწერისა და თანამეგობრობის დაარსების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა და ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.


ღონისძიების ფარგლებში მიმოხილულ იქნა 21-ე საუკუნეში დემოკრატიის მდგომარეობასა და კოალიციის სამომავლო მიზნებთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში დემოკრატიული პრინციპების გაძლიერების განსაკუთრებული მნიშვნელობა და შეფასდა, დემოკრატიაზე, საკუთრივ პანდემიის ზეგავლენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც „ვარშავის დეკლარაციის“ ერთ-ერთი ხელმომწერის - რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიათა თანამეგობრობას -  დეკლარაციაში ასახული დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას. 

აღინიშნა, რომ გაერო-ს დაარსებიდან 75 წლისთავზე, სამწუხაროდ გაერო-ს ქარტიაში ასახული საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპები, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპები ყოველდღე ირღვევა და მულტილატერალიზმი და სამართალზე დამყარებული წესრიგი, ავტორიტარული ქვეყნების მხრიდან შეტევის ქვეშაა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა “დემოკრატიათა თანამეგობრობის” საქმიანობისა და მისი მისიის განხორციელების მნიშვნელობაზე. ამასთანავე, მან საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული სავალალო ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, რომელიც თანდათან კიდევ უფრო მძიმდება. ლაშა დარსალიამ ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებსა და განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

გამოსვლისას ხაზი გაესვა ზემოხსენებული შეზღუდვების მიუხედავად,  საქართველოს მთავრობის მიერ პროაქტიულად განხორციელებულ ცალკეულ ღონისძიებებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში პანდემიის გავრცელების აღსაკვეთად.
აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, ავტორიტარული სახელმწიფოები ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ საკუთარი შავ-ბნელი ინტერესების განსახორციელებლად, როგორც დამატებით იარაღად. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები, რომელიც მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ არაერთხელ გამოცადა. ამ მხრივ, ყურადღება გამახვილდა გასული წლის ოქტომბერში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომაშტაბიან კიბერ-შეტევაზე, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებისა და პარალიზების გზით, საქართველოს მოსახლეობისთვისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ზიანის მიყენებას.

თავის გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ საქართველოს გამოცდილების საფუძველზე, ასევე ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის გზაზე ეფექტური, პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური ინსტიტუტების მნიშვნელობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის განსაკუთრებულ როლს დემოკრატიის განმტკიცების პროცესში, განსაკუთრებით, კი არსებული კრიზისის პირობებში.
ითქვა, რომ დემოკრატიული რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე, გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, იქნება ეს ოკუპაცია, თუ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა.

„დემოკრატიათა თანამეგობრობის“ დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით,  მიღებულ იქნა მმართველი საბჭოს ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოხატავს „ვარშავის დეკლარაციაში“ ასახული დემოკრატიული ფასეულობებისა და პრინციპებისადმი საბჭოს წევრი ქვეყნების ერთგულებასა და დემოკრატიის განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ქმედებების განხორციელების მზაობას. 

აღსანიშანვია, რომ 2019 წლის ოქტომბერში, საქართველო არჩეულ იქნა “დამოკრატიათა ალიანსის” მმართველი საბჭოს  წევრად.