​ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებს შეხვდა

2020 წლის 29 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, დოქტორ საბინე მახლთან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან, ლუიზა ვინტონთან, და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელთან, დოქტორ სილვიუ დომენტესთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე. საუბარი შეეხო ამ კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას  და  ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, გაეროს ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში.
 
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლებს გაწეული ძალისხმევისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს საქმიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა. თავის მხრივ, გაეროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.