​ლაშა დარსალიამ ონლაინ შეხვედრა გამართა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან

გრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას შეხვედრების ციკლი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. 2020 წლის 14 მაისს მინისტრის მოადგილემ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ კარლ ჰარცელთან.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებები და ევროკავშირის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ლაშა დარსალიამ ევროკავშირის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და დაადასტურა საქართველოს მზაობა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ძალისხმევის გაგრძელებაზე.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, კერძოდ, რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშირისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მთავარ ქვაკუთხედზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გარდატეხის შეტანის უზრუნველსაყოფად და აღნიშნა საკითხის ევროკავშირის დღის წესრიგში შემდგომი გააქტიურების საჭიროება.

მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.