​ლაშა დარსალიამ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან

2020 წლის 14 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, მარიუშ მაშკიევიჩთან.

მინისტრის მოადგილემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე გლობალური პანდემიის პირობებში.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობოდ და სრულად შესრულების აუცილებლობაზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვებაზე. ხაზი გაესვა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თმის მაღალ დონეზე დასმის მნიშვნელობას და რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევის აუცილებლობას.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელჩს მადლობა გადაუხადა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევისთვის. თავის მხრივ, ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.